"უფასოდ თამაშზეც კი ვფიქრობდი" - კარლეს პუიოლის ვრცელი ინტერვიუ
- barcage
- 11 июл. 2015 г.
- 3 мин. чтения
"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა საფეხბურთო კარიერის წლები გაიხსენა. ნათელია, რომ ფეხბურთიდან წასვლა მისი სურვილი არ ყოფილა, ეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყო. ახლა კარლესი საკუთარ ოჯახზეა ორიენტირებული და ბევრი გეგმა აქვს. თუმცა, იქამდე, ერთი კონკრეტული მიზანია დასახული: მუხლის დაზიანების სრულად მორჩენა.

გთავაზობთ ლეგენდარული კაპიტნის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მან გამოცემა "La Vanguardia"-ს მისცა. · უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბუცები კედელზე ჩამოჰკიდეთ. როგორ გადაიტანეთ ეს? - ფეხბურთი ძალიან მენატრება. შარშან ურთულესი სიტუაცია მქონდა. როცა კარიერის დასრულების შემდეგ თამაშის ძალა მაინც შეგწევს, მაშინ ამის გადატანა რთული არ არის. მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმე განსხვავებულადაა. ტრავმების გამო ფეხბურთი ჩემი ცხოვრებიდან 100%-ით გაქრა. გასულ ზაფხულს კიბეებზე ჩასვლასაც ძლივს ვახერხებდი. · მუხლი ისევ ცუდ მდგომარეობაშია? - უკვე აღარ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პასუხებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარკვეული სახის ტესტების ჩატარების შემდეგ მივიღე. · რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ ეტაპზე? - შემიძლია ვარჯიში, ოღონდ გადატვირთვის გარეშე. არანაირი ფეხბურთი და არანაირი კონტაქტი ზოგადად სპორტთან. აგრეთვე, დიდი ხნით ვერ შევძლებ სირბილს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ გარკვეული სახის ვარჯიშები დავიწყე და ვიმედოვნებ, კარგი შედეგები მექნება. · "კარლეს პუიოლი ფეხბურთში დაბრუნდება", - ეს სიმართლეა? - მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ამაზე არ მიფიქრია. რა თქმა უნდა შეუძლებელი არაფერია. ფეხბურთში დაბრუნება ჩემთვის ტანჯვა არ იქნება. თუმცა, ამჟამად აწმყოზე ვარ კონცენტრირებული. · თქვენ 37 წლის ხართ. - სხეული ისევე მუშაობს, როგორც ტვინი. მთავარი პრობლემა ჩემი ტრავმიანობაა. · ანუ იმას ამბობთ, რომ ფეხბურთიდან საბოლოოდ არ წასულხართ? - ასეა. ახლა ჩემი მთავარი მიზანი დაზიანებულ მუხლზე მკურნალობაა. როდესაც ეს დასრულდება, შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს, თუ რა მოხდება. · ნანობთ, რომ გარკვეული ლიმიტით თამაშობდით? - ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ ოპერაცია თავის დროზე არ გავიკეთე. ეს რომ გამეკეთებინა, არაა გამორიცხული, ფეხბურთი დღესაც მეთამაშა. · ვისი ბრალი იყო ეს შეცდომა? - ჩემი. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. გუნდის ინტერესებზე ვფიქრობდი და როდესაც მივხვდი, რომ თამაში აღარ შემეძლო, მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. იმ დროს ზოგიერთმა მედიამ კრიტიკა დამიწყო, რომლებიც წერდნენ, რომ ოპერაციის გაკეთება სპეციალურად მაშინ გადავწყვიტე, რათა მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობა არ მიმეღო. დრომ დაგვანახა, თუ ვინ ყოფილა მართალი სინამდვილეში, მაგრამ მედიაში არანაირი ბოდიში ამომიკითხავს. · რამ გადაგაწყვეტინათ ფეხბურთიდან წასვლა? - ეს არ მომხდარა რომელიმე კონკრეტულ დღეს. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც ასე ადვილად ნებდებიან. ოპერაციის გაკეთების შემდეგ უკვე ვარჯიშიც აღარ შემეძლო და მივხვდი, რომ არასამედო მოთამაშე გავხდი. მარტინო მთხოვდა, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მე ვუთხარი: "დაე ითამაშოს მან, ვინც ჩემზე უკეთესია". · რა იგრძენით, როდესაც ეს სიტყვები თქვით? - ფეხბურთისგან შვება ვიგრძენი. 40 წლამდე თამაში მინდოდა. უფასოდ თამაშზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ უბრალოდ ვერ შევძელი. · ხომ არ გადაგიწყვეტიათ, რა გსურთ, გახდეთ მომავალში? - ყოველ დილით, ოცი წლის განმავლობაში, ბედნიერი და მოტივირებული ვიღვიძებდი იმით, რომ ფეხბურთის სათამაშოდ უნდა მოვმზადებულიყავი. ეს ყველაზე მეტად მიყვარდა. ახლა ეს აღარ არსებობს. საბედნიეროდ, მე მყავს ოჯახი, რაც ძალიან მეხმარება. სამუშაო წინადადებები მართლაც მაქვს, თუმცა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე საფიქრელად დიდი დრო მჭირდება. · სპორტული დირექტორობა, მწვრთნელობა, ელჩობა? - ეს მართლაც მაცდური წინადადებებია, თუმცა ჯერჯერობით რომელიმე პოსტზე მუშაობას არ ვაპირებ. უკვე გავიარე სპორტული დირექტორის კურსები და უახლოეს მომავალში სამწვრთნელო კურსების გავლასაც ვგეგმავ. · თქვენ - მწვრთნელი? - არ ვიცი, შესაძლოა, ამ თანამდებობაზე ჩემი მოწოდება გამოვნახო. · როგორ ფიქრობთ, სუბისარეტას თანაშემწედ მუშაობის გადაწყვეტილების მიღება, ნაჩქარევი ხომ არ იყო? - დიახ, მაგრამ ამას არ ვნანობ, რადგან ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, ეს არასწორად შერჩეული დროის პერიოდი იყო. · როდის მიხვდით, რომ ეს სამუშაო თქვენ არ შეგეფერებოდათ? - პირველივე დღიდან ოფისში თავს უცნაურად ვგრძნობდი. ნოემბერში კი უკვე ძალიან არაკომფორტულად ვიყავი. შემდეგ ვესაუბრე სუბისარეტას და მოხდა ის, რაც მოხდა. · ანუ სუბისარეტას სოლიდარობის გამო არ გადამდგარხართ? - არა, ეს ადრეც გადაწყვეტილი მქონდა. · რას ფიქრობთ იმ ფაქტის შესახებ, რომ შესაძლოა, ერიკ აბიდალი კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნონ. თანაც ფრანგს ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია. - რა თქმა უნდა "ბარსელონას" წარმატება მსურს. არ ვიტყვი იმას, რომ აბიდალი არაკვალიფიციურია. მინდა მას საუკეთესო ვუსურვო. · არჩევნები ახლოვდება და ლაპორტასთან ბევრი საერთო გაკავშირებთ. - კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ორმხრივი მეგობრები ვართ. ერთმანეთს რამდენჯერმე სადილზეც შევხვდით. მან დამირეკა, ჩემი გეგმები აინტერესებდა, მეც გავანდე და მან გამიგო. · საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენ მონაწილეობას არ იღებთ - თუმცა მე "ბარსელონას" ერთ-ერთი ნაწილი ვარ, მუდამ ამ კლუბის სამსახურში. · ვინ არის პუიოლი? კრუიფისტა, ლაპორტისტა თუ როსელისტა? - პირველ რიგში "ბარსელონისტა". · როგორ გახსოვთ ეს გუნდი? მესი? - მესი ყველას სჯობს, ვინც აქამდე მინახავს. ის უცხოპლანეტელია. ლეო ახლა უფრო უკეთესად თამაშობს, ვიდრე ოთხი წლის წინ. მესი უბრალოდ შეუჩერებელია.
Comments